ბიზნესის გაციფრულება როგორც კონკურენტული უპირატესობა

cifruli transformacia bmemo

ბიზნესი და ციფრული სამყარო

რატომ არის ბიზნესის გაციფრულება განსაკუთრებით აუცილებელი საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში? 

საქართველო პატარა, ღია ეკონომიკაა — შიდა ბაზარი შეზღუდულია, კონკურენცია კი დღითიდღე მზარდი. ასეთ გარემოში ბიზნესის გაციფრულება აღარ არის “სხვა ეტაპი” — ეს არის გადარჩენის, ზრდის და საერთაშორისო მასშტაბირების მთავარი მექანიზმი.

ქვემოთ გიზიარებთ არგუმენტებს და მაგალითებს ოფიციალურ კვლევებზე დაყრდნობით: 

1) პატარა ბაზრიდან “დიდ ბაზრამდე” — ციფრული არხებით

პატარა ქვეყანაში ბიზნესს ხშირად აქვს ერთი ძირითადი პრობლემა: ზრდა რთულია. ციფრული არხები კი გაძლევს:

  • გაყიდვების გეოგრაფიის გაფართოებას (ონლაინ გაყიდვები, ექსპორტი, საერთაშორისო შეკვეთები)

  • “ნიშურ” ბაზრებზე გასვლას (სპეციფიკური პროდუქტი/სერვისი, რომელიც საქართველოში ცოტას სჭირდება, მაგრამ ევროპაში/აშშ-ში ათასებს)

  • ფასის კონკურენციის ნაცვლად ღირებულებით კონკურირებას (ბრენდი, მომსახურება, გამოცდილება)

მაგრამ რეალობაა, რომ საქართველოში SME-ებში ამ მიმართულებით ჯერ კიდევ დიდი ჩამორჩენაა: 2024 წელს მხოლოდ 3% ქართული SMEs-ისა ახორციელებდა ონლაინ გაყიდვებს (ვებგვერდით/აპით/პლატფორმებით), მაშინ როცა ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 20% იყო; ხოლო საზღვარგარეთ ონლაინ გაყიდვებში მონაწილეობა მხოლოდ 1%-ს ჰქონდა (ევროკავშირში 9%).

2) ეფექტიანობა და მოგება: გაციფრულება = ნაკლები ხარჯი, მეტი კონტროლი

ციფრული ინსტრუმენტები (ERP/CRM, საწყობის მართვა, ავტომატიზებული ბუღალტერია, ანალიტიკა) რეალურად ამცირებს:

  • დანაკარგებს (მარაგი, ლოჯისტიკა, დრო, “ადამიანური შეცდომები”)

  • ოპერაციულ ხარჯებს

  • დამოკიდებულებას ერთ-ორ თანამშრომელზე (“ყველაფერი ერთ ადამიანს იცის”)

ISET მიხედვით: 2024-ში საქართველოში მხოლოდ 7% SMEs იყენებდა ERP-ს (ევროკავშირში 42%), ხოლო AI-ს გამოყენება იყო მხოლოდ 2% (ევროკავშირში 13%).
ეს რიცხვები ნიშნავს მარტივ რაღაცას: ბევრი ბიზნესი ჯერ კიდევ ვერ იღებს იმ პროდუქტიულობის “დივიდენდს”, რასაც ტექნოლოგია აძლევს.

3) კრიზისებისადმი მდგრადობა: პანდემიამ ეს უკვე გვასწავლა

კრიზისის დროს (პანდემია, მიწოდების ჯაჭვების რყევა, ტურიზმის ვარდნა) ციფრულად მომზადებული კომპანიები:

  • სწრაფად გადადიან ონლაინ გაყიდვებზე/მიტანის მოდელზე

  • ინარჩუნებენ კომუნიკაციას მომხმარებელთან

  • უკეთ მართავენ ფულადი ნაკადებს

ამაზე პირდაპირ მიუთითებს EBRD-ის მაგალითი: 2021-ში EBRD-მ და ევროკავშირმა გამოყვეს €1.8 მილიონი ქართული SMEs-ის დასახმარებლად, მიზნობრივად — ციფრული ტრანსფორმაციისთვის, რათა კომპანიებს ოპერაციების შეწყვეტა აეცილებინათ და გაეზარდათ მდგრადობა.

4) სახელმწიფოც მიდის “ციფრული ეკონომიკის” მიმართულებით — ბიზნესი თუ არ აჰყვება, ჩამორჩება

საქართველოში SME-ების განვითარების სტრატეგიის 2024 წლის ანგარიშში აღწერილია კონკრეტული პრაქტიკული ინიციატივები, რომლებიც უკვე “ფეხზე დგას”, მათ შორის:

  • “GCCI for the Digitalization of SMEs” — 66 ბიზნესმა 5 რეგიონში მიიღო ტრენინგები/კონსულტაციები/ვორქშოფები.

  • “Free Website for Business” — 63 ბენეფიციარს მიეწოდა უფასო ვებგვერდი და ინტეგრირებული ელექტრონული გადახდები, თან ტრენინგებით.

ეს ნიშნავს, რომ ეკოსისტემა ნელ-ნელა იქმნება, მაგრამ ბიზნესის მხრიდან აქტიური ნაბიჯებია საჭირო, რომ ეს სარგებელი რეალურად მოგებად გადაიქცეს.

5) ფინანსური ინფრასტრუქტურის ციფრულობა — კონკურენციის ახალი დონე

ციფრული გადახდები, open banking, instant payments და ფინტექ ეკოსისტემა პირდაპირ მოქმედებს ბიზნესის “სიჩქარეზე”:

  • ანგარიშსწორება სწრაფდება

  • იზრდება ონლაინ გაყიდვების კომფორტი

  • ჩნდება ახალი სერვისები (აბონენტური გადახდები, ინვოისინგი, ავტომატური გადახდები და სხვ.)

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინტექ სტრატეგია აღწერს, რომ open banking ხელმისაწვდომია non-bank მესამე მხარის პროვაიდერებისთვის (TPP) 2023 წლის მაისიდან, ასევე აღნიშნულია Digital Lari pilot (2024 მარტი – 2025 თებერვალი) და instant payment system (24/7/365) მიმართულებით მუშაობა.
ეს გარემო ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ფული და ტრანზაქციები უფრო სწრაფად და ჭკვიანურად მართოს.

აღნიშული სტატიის შემდეგ დავწერთ იმაზეც, თუ რა პირველი და პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას მეწარმემ ბიზნესის გაციფრულებისკენ. თვალი ადევნეთ ბიმემოს სიახლეებს. 

en_GB